19

Background color
Font
Font size
Line height

     „არსენი და ეფრემი გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილები იყვნენ. დიდი ეფრემი გახდა აწყურის ეპისკოპოსი, დიდი არსენი კი - ქართლის კათალიკოსი. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, რადგან ერთად იყვნენ გაზრდილები.

ქართლის ეპისკოპოსები გაბრაზებულები იყვნენ არსენის მამა მირიანზე, რადგან მან, მათთან შეთანხმების გარეშე, თავისი შვილი, რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომითა და ლოცვით, კათალიკოსად დასვა. გუარამ მამფალი გულმოსული იყო მირიანზე. მან ბრძანა ეპისკოპოსებისა და უდაბნოს ბერების სწრაფად შეკრება.

ყველანი შეიკრიბნენ ჯავახეთში. მხოლოდ მამა გრიგოლი არ იყო იქ. მას მოუთმენლად ელოდნენ. სჯულის მცოდნეები ცალკე თათბირობდნენ არსენის კათალიკოსობის შესახებ, მაგრამ ვერც მათ ვერ გადაწყვიტეს რაიმე. მაშინ ერუშეთის ეპისკოპოსმა უთხრა იქ მყოფთ, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა უდაბნოს ვარსკვლავის - მამა გრიგოლის მოსვლის შემდეგ.

უცბად თვალწინ საკვირველი სანახაობა წარმოუდგათ: დაინახეს სახედარზე მჯდარი წმინდა გრიგოლი, რომელსაც მოყვებოდნენ ბერები. მოხუცებულს უბრალო სამოსი ეცვა, რომელიც თითქოს მარადიული ნათლით იყო გაბრწყინებული; მისი ბერის ქუდი კი ისე ჩანდა, როგორც ძვირფასი ქვებით, მარგალიტებით შემკული სამეფო გვირგვინი. როცა დაინახეს მამა გრიგოლის ღვთაებრივი დიდებულება, ყველანი სიხარულით შეეგებნენ და დაუჯერეს მის ნათქვამს.

ნეტარმა გრიგოლმა ჩუმად მოიხმო თავისთან ნეტარი ეფრემი და სთხოვა, რომ არ შეეშალა ხელი არსენისთვის. მან კი უპასუხა, რომ ვერ წავიდოდა ეპისკოპოსების გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ის ამიერიდან აღარ თვლიდა თავს არსენის ხელქვეითად. მაშინ წმინდა გრიგოლმა მრისხანედ უთხრა, რომ, თუ ეფრემი ასე მოიქცეოდა, გრიგოლიც აღარ იქნებოდა მისი მოძღვარი. ნეტარი ეფრემი სულიერი მამის ამ სიტყვებმა აატირა და უთხრა, რომ მის ნებას აასრულებდა.

მოლმობიერებულმა მამა გრიგოლმა ეფრემს უთხრა, რომ თვითონ უფალმა ბრძანა არსენის კათალიკოსობა მისი სრულყოფილების გამო, თუმცა არსენის მამამ - მირიანმა, დასაყვედრებელი გახადა თავისი უდროო აჩქარებით.

ამის შემდეგ გუარამმა ბრძანა კრების მონაწილეების შეკრება და შეახსენა მათ, რომ სასულიერო კანონმდებლობა კრძალავს ძალით ეპისკოპოსისა და კათალიკოსის დადგენას.

ამ საუბარში მამფალმა მრავალი სალანძღავი სიტყვა თქვა და შეკრებილებისგან ელოდა პასუხს. ყველა უყურებდა მამა გრიგოლსა და ეფრემ ეპისკოპოსს. ისინი კი ერთხანს დუმდნენ.

მაშინ ეპისკოპოსებმა სთხოვეს ეფრემს, რომ საკუთარი აზრი გამოეთქვა. მან კი უპასუხა, რომ, სადაც მამა გრიგოლი იყო, იქ თვითონ ვერ გაბედავდა ლაპარაკს.

მაშინ ხელმწიფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს, რომ ყველანი მისგან ელოდნენ სიმართლის თქმას, რადგან ასაკითაც და ღვთის მორჩილებითაც ყველაზე უფროსი იყო.

გრიგოლმა თქვა, რომ არსენი ღვთის ნებით იყო კათალიკოსი და მისი მლანძღველები, ვინც არ მოინანიებდა, შერცხვენილები იქნებოდნენ ამქვეყნადაც და სამარადისო სასუფეველშიც.

მაშინ შეძრწუნდა ღვთისმოშიში, თავმდაბალი ხელმწიფე, მუხლებში ჩაუვარდა ნეტარ გრიგოლს და პატიება სთხოვა. მან უპასუხა, რომ ქრისტე შეუნდობდა ცოდვებს.

არსენს, რომელიც ამ კრებაზე არ იყო, ახარეს, რომ მამა გრიგოლმა დაამტკიცა მისი კათალიკოსობა. არსენმა უფალსა და წმინდა გრიგოლს სიხარულით გადაუხადა მადლობა.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმა, გრიგოლის დარიგებისამებრ, ადრინდელივით შეიყვარა არსენ კათალიკოსი, რადგან მოკლე ხანში დააწყნარა ძნელად დასაშოშმინებელი შფოთი.

სანატრელი არსენ კათალიკოსი და ეფრემ ეპისკოპოსი ხშირად მოდიოდნენ თავიანთი მოძღვრის, მამა გრიგოლის სანახავად.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net