„წამოსვლის დროს მეფე დიმიტრიმ საფუძვლიანად გამოჰკითხა გრიგოლს, თუ როგორი იყო კლარჯეთის უდაბნოები. მამა გრიგოლმა უპასუხა, რომ მისი გონება უძლური იყო იმ უდაბნოთა სიკეთის აღსაწერად, რადგან იქ ყვაოდა ბერმონაზვნური ცხოვრების წესი. შემდეგ უთხრა, რომ მისი მრავალი სიკეთიდან მხოლოდ მცირედის გადმოცემას თუ მოახერხებდა: კლარჯეთში ზომიერი ჰავაა: არც მეტისმეტი სიცხეა და არც - ზედმეტი სიცივე. მშრალი, ცხელი ქარებისგან დაცული, უმტვერო და მზიანია. კარგი წყალი და ხე-ტყეც ბლომად აქვთ. ქვიშნარში უამრავი ტყე და ბევრი საამო წყაროა. ის საერო პირებისათვის მიუვალ ადგილასაა, იქ გზა არ არის. მას ერთი მხრივ მთა აკრავს, მეორე მხარეს მტკიცე ზღუდესავით ერტყმის შავშეთის დიდი მდინარეების ერთად შეკრული ნაკადი. მონასტრის მიდამოებში არ არის არც სათიბი მიწები, არც სახნავი ყანები. საკვები დიდი ჯაფით მოაქვთ ვირებით. პატარა ვენახი და ბაღები გაჭირვებითა და წვალებით გაუშენებიათ. ამასთან ერთად, ბერებს არ ეშინიათ, რომ ურჯულოები მათ რწმენას შეარყევენ, მშვიდად არიან და ქრისტეს ადიდებენ. ღვთის განგებას ეს წესი აქვს, რომ უდაბნოებში წმინდა მონასტრები ააშენონ მორწმუნე ბერების ხელით, რომლებიც სრულიად განთავისუფლდნენ ამქვეყნიური ცთუნებისაგან. ღმერთმა მორწმუნე მეფეებს მისცა უფლება საეპისკოპოსო ტაძრების, ქალაქებისა და სოფლების შენებისა, მთელი ხალხის განმგებლად დაადგინა. ბრწყინვალე სამოსით დამშვენებულმა მეფეებმა სამართლიანად უნდა განსაჯონ. მათი გონება თვალით ხილულ საგნებს კი არ უნდა მიეჯაჭვოს, არამედ მარადიული სიკეთე შეიცნონ. ხოლო სანდო და მართალი ბერები ამქვეყნად არავის არ ემორჩილებიან, რადგან თავისი ნებით გაერიდნენ ამქვეყნიურ სიამეს და არჩიეს ღვთისთვის მწუხარება გოდების ადგილას.
You are reading the story above: TeenFic.Net