97. თავი მეექვსე - „იმ დროისათვის აშოტ კურაპალატის კარზე იყო ერთი დიდებული აზნაური, სახელად გაბრიელ დაფანჩული. ეს აზნაური დაჯილდოებული იყო ყველანაირი სრულყოფილებითა და სიმდიდრით: იყო ტანადი, ახოვანი, ყველა საქმეში წარმატებული და რწმენის ერთგულებით გამორჩეული.
მას ნეტარი გრიგოლის სავანის მახლობლად ჰქონდა რამდენიმე სოფელი. როცა გრიგოლმა დაინახა, თუ როგორ სიღატაკეში იყვნენ მისი მოწაფეები, ღვთის ნებით მივიდა გაბრიელ დაფანჩულის სახლში. როცა მეფის აზნაურმა გაიგო გრიგოლის მისვლის ამბავი, სიხარულით მიეგება და თაყვანი სცა. წმინდა გრიგოლმა ყველას ჯვარი გადაწერა. მაშინ გაბრიელმა მას უთხრა, რომ მათ გააჩნდათ ხორციელი სიმდიდრე, ბერებს კი - სულიერი სიკეთე. საჭირო იყო მათი შეერთება. მან შესთავაზა მამა გრიგოლს, რომ მათი სულისთვის ელოცა ამ ცხოვრებაშიც და სიკვდილის შემდეგაც, საერონი სასულიერო პირებთან დაეკრძალათ: მამაკაცთა სამარხად განეწესებინათ ხანძთა, ხოლო ქალებისთვის -მონასტერი, რომელსაც ააშენებდნენ. ნეტარმა გრიგოლმა გულმოდგინედ მოძებნა და იპოვა კარგი ადგილი გუნათლეს მახლობლად, ჯვარი დაწერა და იქ ააშენა გუნათლეს დედათა მონასტერი.
დიდებულმა აზნაურმა გაბრიელმა დიდი ძღვენით გამოუშვა მამა გრიგოლი: მისცა კალატოზები და ყველანაირი მასალა ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. მამა გრიგოლი დაბრუნდა თავის სამყოფელში. მისმა მოწაფეებმა ძალიან გაიხარეს, მადლობა გადაუხადეს ქრისტეს და ლოცავდნენ ბერებს.
You are reading the story above: TeenFic.Net