24

Background color
Font
Font size
Line height

    „მოხუცებულობისას გრიგოლი შატბერდში იყო. ხანძთაში მყოფი ბერები წუხდნენ, რადგან შეიტყვეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული გრიგოლს შატბერდში ელოდა. მაშინ, ვისაც სიარული შეეძლო, ერთად წავიდნენ შატბერდში წმინდა მამის სანახავად. შატბერდელ ბერებს ძალიან გაუხარდათ ხანძთელი ძმების სტუმრობა. მაგრამ როცა გაიგეს მათი მისვლის მიზეზი, სიხარული მწუხარებად გადაექცათ. როცა წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში ილოცეს და თაყვანი სცეს წმინდა მამას, ის საკუთარი სურვილით სიყვარულით ეამბორა ყველას, გულითადად მოიკითხა, როგორც ტკბილმა მამამ და სხივნათელმა მოძღვარმა.

ნეტარმა მამა გრიგოლმა ყველას მიმართა და სთხოვა, რომ ხანძთასა და შატბერდში მოღვაწე ბერებს ერთმანეთი ყვარებოდათ, რადგან, როგორც უფალმა უთხრა მოციქულებს: ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ამით გაიგებენ ყველანი, რომ ჩემი მოწაფეები ხართ.

ხალხი ცრემლმორეული შემოეხვია გარს წმინდა გრიგოლს. ის ბერებს შორის მაღალ ადგილას დადგა, ქრისტეს სადიდებელი აღავლინა და დალოცა ბერები, შემდეგ გრიგოლმა ჯვარი გადასახა შატბერდს და დაემშვიდობა, რადგან ამიერიდან ცოცხალი ვეღარ დაინახავდა. ის ხორციელად შორდებოდა შატბერდს, თუმცა სულით მუდამ მასთან იქნებოდა. შატბერდის მკვიდრები ცხარე ცრემლით ტიროდნენ მამა გრიგოლის ნათქვამის გამო.

წმინდა გრიგოლი ეამბორა ატირებულ შატბერდელ ძმებს და დიდი თხოვნის შემდეგ დაარწმუნა, რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამყოფელში, თვითონ კი წამოყვა ხანძთელ ძმებს. ღმერთმა თანაბრად დაუფასა ყველას, ვინც წამოიყვანა გრიგოლი და ვინც უკან დაბრუნდა, რადგან ერთნაირად სწამდათ და უყვარდათ თავიანთი მამა და მოძღვარი.

როცა ნეტარი გრიგოლი შატბერდიდან ხანძთაში მოვიდა, ძალიან გაიხარეს ხანძთასთან ერთად მის მახლობლად მდებარე მონასტრების მკვიდრებმა. ყველა მხრიდან მოდიოდნენ წმინდა გრიგოლის სანახავად, იღებდნენ მისგან ლოცვა-კურთხევას და გახარებულები ბრუნდებოდნენ თავიანთ სამყოფელში.

ამის შემდეგ ნეტარმა გრიგოლმა შესთავაზა დიდ ზენონს, რომ ერთად ჩასულიყვნენ ოპიზის გზასთან მდებარე ვენახში. რთვლობის დრო იყო და ორივენი ჩავიდნენ მის გაშენებულ ვენახში, რომელიც დახუნძლული იყო. ამ დროს თავისი მოძღვრის, მამა გრიგოლის სანახავად მოვიდა მამა მაკარ ოპიზელი. მათ ძალიან გაიხარეს და სიყვარულით მოიკითხეს ერთმანეთი. რადგან სადილობის დრო მოსულიყო, დასხდნენ საჭმელად. სადილის შემდეგ გადაწყვიტეს ხვალამდე იქ დარჩენა.

როცა მოსაღამოვდა, ღვთის კაცები ერთ ოთახში დასხდნენ. მათ წესისამებრ თქვეს ფსალმუნები. მაკარს რული მოერია და საწოლზე მიეძინა, ამიტომ მამა გრიგოლი და ზენონი ხმადაბლა გალობდნენ. ის ბნელი სახლი თითქოს მზის ბრწყინვალებამ გაანათა. როცა მამა მაკარს გაეღვიძა, მას საოცარი სანახაობა წარმოუდგა თვალწინ. მამა გრიგოლმა უთხრა, რომ აქ გასაოცარი არაფერი იყო, რადგან წმინდა წერილში ნათქვამია: „საოცარია ღმერთი თავის სიწმინდეთა შორის“.

ასე გახარებულები იყვნენ სამივენი - წმინდა სამების მადიდებლები, რომლებმაც იგალობეს ცისკრის საგალობლები.

როცა გათენდა, ბერები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მამა მაკარი წავიდა ოპიზაში, ხოლო მამა გრიგოლი და ზენონი თავისივე მონასტერში ავიდნენ. ზენონი სათნოებით თავის მოძღვარს, გრიგოლს უტოლდებოდა. მის შესახებ ადამიანები ამბობდნენ, რომ „ზენონი არის მტკიცე დამცველი კლარჯეთის დიდებული უდაბნოებისა.“

ნეტარ მამა გრიგოლს გულმა უგრძნო, რომ დადგა მისი ამქვეყნიდან წასვლისა და უფალთან მისვლის დრო. მან ყველა მონასტერში გაგზავნა სანთლები, თან შეატყობინა დღე, როცა უნდა აენთოთ და ელოცათ მისთვის.

მაშინ მამებმა უთხრეს ნეტარ გრიგოლს, რომ მან თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობით მარადიული ზეციური სასუფეველი მოიპოვა.

შემდეგ გრიგოლმა ხანძთაში მყოფ ბერებს სთხოვა, რომ მისი ნათქვამი შეესრულებინათ, ლოცვებში მოეხსენებინათ, მისი სხეული კი ძმების გვერდით დაემარხათ, რადგან არაფრით აღემატებოდა მათ მოპოვებული სათნოებით. მისი სხეული მიწად იქცეოდა, ხოლო სულს უფალი მიიბარებდა.

ასე შეავედრა მამა გრიგოლმა სული უფალს და შეუერთდა ანგელოზთა კრებულს, რადგან უხორცო ანგელოზებისა და ადამიანთა სულები ერთი ბუნების არიან.

ნეტარი მამა გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლისა, 861 წელს. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ კი აღიწერა მისი ცხოვრება.

ნეტარი გრიგოლის ცხოვრება დაიწერა ხანძთაში, მონასტრის წინამძღვრის, მისი ძმის იოვანესა და ამ წიგნის დამწერის, გიორგი მერჩულეს ერთობლივი მონდომებით.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან


You are reading the story above: TeenFic.Net