ექვსი თვის შემდეგ
ტელევიზორის ეკრანზე ბედნიერ არდას ვხედავ, რომელსაც ხელში ლა ლიგის თასი უჭირავს და მოედანზე ბავშვივით ხტის. თითქმის ნახევარი წლის განშორების შემდეგ ჩვენ როგორღაც გადავიტანეთ განცალკევება და შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ წარმატება მსხვერპლის გარეშე არ არსებობს. არდამ დამარწმუნა, რომ ხშირად, როდესაც საყვარელ ადამიანებს ვთმობთ, არ ვთმობთ სამუდამოდ, არამედ დროებით, რათა მათ კვლავ ბედნიერება ვაჩუქოთ.
ჰოდა, რადგანაც არდას ბედნიერება ჩემი ბედნიერებაცაა, ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი თავისთვის კი არა, ჩვენთვის გააკეთა. ამ ექვს თვეში ბევრი რამ შეიცვალა. ქენანი და ელენე მშობლები გახდნენ და ამ ბავშვმა, სახელად ნატალიამ, თითქოს მათ შორის გაჩენილი ბზარი ერთბაშად ამოავსო, მათი სიყვარულის დამჭკნარ ვარდს ისევ შესძინა სიცოცხლე და განუყრელ მეუღლეებად აქცია; ლარა და სანდრო ეგვიპტეში გადავიდნენ საცხოვრებლად. ელენე თანდათანობით შეეგუა ფაქტს, რომ მის ძმას მისი უახლოესი მეგობარი შეუყვარდა, მაგრამ ეგვიპტეში ცხოვრებას სკეპტიკურად შეხვდა. როცა თავად სანდროსა და ლარას ვკითხეთ, თუ რატომ წავიდნენ ამ გადაკარგულ, შორეულ ქვეყანაში, გვიპასუხეს, რომ სიყვარული ერთ ადგილას კი არ ჩერდება, არამედ სადაც წახვალ, ისიც თან მოგყვება.
ქენანისგან გავიგე, რატომ არ უნდოდა არდას ჩემთვის თავისი მშობლები ეჩვენებინა. თურმე გაუგიათ, რომ "გურჯი" ვიყავი და ამის გამო დამიწუნეს. ამ ფაქტს ჩემში დიდი მღელვარება არ გამოუწვევია. რა უნდა მომეთხოვა იმ ხალხისგან, რომლებსაც შვილისათვის მოღალატე შეყვარებულის დაბრუნება უნდოდათ. როგორც შევიტყვე, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ როგორმე არდა დაერწმუნებინათ ყოფილის უდანაშაულობაში და ისევ დაელაგებინათ მათი ურთიერთობა. რაც არ უნდა იყოს, მე და არდა არასოდეს არ ვაპირებდით თურქეთში ცხოვრებას, მაგრამ როცა არდამ მითხრა, რომ ჩემ გამო მშობლებთან კონტაქტს გაწყვეტდა, ეს არ მომეწონა. არ მინდოდა, შვილსა და მშობლებს შორის აყალმაყალის გამომწვევი მიზეზი ვყოფილიყავი. ამიტომ, არდა ჩემი თხოვნით სისტემატიურად ურეკავს მათ და აკითხავს.
ჩვენს ცხოვრებაში სევდიანი მომენტებიც იყო. ჩემი ბებია, კლარა იტალიაში გარდაიცვალა გულის შეტევით. იგი ორიოდე თვის წინ ჩამოასვენეს და მე და ელენე დაკრძალვაზე წავედით. მართალია ამ ქალმა მოურიდებლად ქუჩაში გამაგდო, მაგრამ რას ვიზამთ, ის ხომ მაინც ჩემი უახლოესი ნათესავი იყო. თან, მიცვალებულს როგორ უნდა გაებუტო და პასუხი მოსთხოვო. ასე რომ, მაინც მივდივარ მის საფლავთან და ყოველთვის წითელ ვარდებს ვუტოვებ, რომლებიც თავად ძალიან უყვარდა.
არდას წასვლიდან ორიოდე თვეში ქენანსაც მოუწია სერია-A-ში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში გაფრენა, ამიტომ ელენე პატარასთან ერთად ჩემს სახლში რჩებოდა ხოლმე. მარტო დარჩენილ ქალებს ძალიან გვეშინოდა, ამიტომ მთელი სახლი გადაკეტილი გვქონდა. ნატალიასთან თამაში ყველაფერს მავიწყებდა. ის ისეთი ტკბილი და თბილია... როგორ შეიძლება, რომ არ გიყვარდეს!
სიძე იტალიიდან ტრავმის გამო მალე დაბრუნდებოდა და როგორც გავიგე, არდასთან ერთად უწევდა ჩამოსვლა. მე და ელენე კალენდარზე დღეებს ვითვლიდით და როგორც კი ის სანატრელი თარიღი დადგა, მაშინვე გავეშურეთ ბიჭებთან დასახვედრად.
პირველი ქენანი ჩამოვიდა. როგორც კი იგი ელენემ დაინახა, მაშინვე გაექანა და კისერზე მოეხვია. როცა ერთმანეთის მოსიყვარულებას მორჩნენ, ბიჭი ახლა მე მომიბრუნდა და ხელი ჩანომართვა:
- მაგაზე არ ვდარდობ, - ვიცრუე, თუმცა ზუსტად ვიცოდი, ცოლ-ქმარს ერთი წამითაც ვერ მოვატყუებდი, ამიტომ სწრაფად დავამატე: - ჰო, მაგაზეც ვნერვიულობ. აბა, რა ქენი, როგორ იმგზავრე?
- აქედან კარგად, მაგრამ იტალიაში რომ თვითმფრინავიდან ჩამოვედი, მერე რომში დავიკარგე.
მის სიტყვებზე გამეცინა. გამახსენდა, როგორი საცოდავი თვალებით ვიჯექით მე და ქენანი აეროპორტის წინ სტამბულში.
- რა გაცინებს? - მისაყვედურა ქენანმა, - ორი საათი ველოდებოდი აეროპორტთან ტაქსის და როცა გამოჩნდა, განადგურებულმა ლოცვაღა დავიწყე. აშკარად გეოგრაფია მაქვს სასწავლი.
- რუკები რისთვის არსებობს? - ჩაუკაკუნა ხელი ელენემ თავში ქმარს, თითქოს რამეს შეუყვანდა, - მაგრამ მე მაინც ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. ნატალიკო გელოდება, სულ შენ გკითხულობს.
- ენაცვალოს მამა მაგას! - წამოიძახა ბიჭმა, - სადაა?
- დედაჩემთან დავტოვე. თუ არდას უნდა დაველოდოთ, ლოდინით ძალიან გაწვალდება, ამიტომ ჯობია, იქ იყოს.
- ჰო, აბა, ეს არდაც როდის ჩამოეთრევა თავისი მადრიდიდან! - წაიბუზღუნა ქენანმა. როგორც შევატყვე, რეალში თამაში მასაც სურდა, მაგრამ როცა ვეკითხებოდით, არ ტყდებოდა.
არდას დაახლოებით საათნახევარი ველოდეთ. როცა შემოსასვლელში ჩემოდნით ხელში შევნიშნე და ხელი დავუქნიე, მანაც, თითქოს გულმა უგრძნოო, უმალვე ჩემკენ გამოიხედა და ხელი დამიქნია. მე მისკენ გავექანე და მეტისმეტი სიხარულისაგან ისე ჩავეხუტე, ლამის გაიგუდა. საბოლოოდ რომ მომიშორა, თავზე ხელი გადამისვა და პატარა ბავშვივით აწყლიანებული თვალები მომანათა.
- მომენატრე, ლანაჩიკ! - ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა, - ამიერიდან არასოდეს არ დაგტოვებ.
- არც მე შემეძლო შენ გარეშე გაძლება, მაგრამ რა მექნა, - გამოვუტყდი ჩემს ქალურ სისუსტეში, - ახლა რაც მთავარია, ერთად ვართ. გილოცავ ლა ლიგის მოგებას!
- მეც გილოცავ, - თქვა ღიმილით.
- რას მილოცავ?
- მალე გაიგებთ, პატარა ქალბატონო, - თვალი ჩამიკრა არდამ და უსიტყვოდ ელენესა და ქენანისკენ გაემართა. გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მოლოდინის გრძნობა გამიჩინა და შემდეგ ისე დამტოვა ახსნის გარშე, ვითომ ვერც ამჩნევს ჩემს იქ ყოფნასო.
- აბა, მოიგე, ძმაო, სერია-A? - ირონიულად ჰკითხა ქენანს, რაზეც სიძემ თვალები აატრიალა და ნაძალადევი ღიმილით დაეთანხმა:
- ჰო, ძმაო, მოვიგე! აი, თასი ხელში მიჭირავს, - სიცარიელე აღმართა ჰაერში ქენანმა და თვალები კიდევ ერთხელ გადაატრიალა. ელენემ მკლავზე უჩქმიტა, ამიტომ ბიჭი იძულებული გახდა, არდასთვის მიელოცა.
სახლში რომ დავბრუნდით, ელენემ და მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, ჩვენთან ერთად გაეტარებინათ საღამო. მე და არდასაც რა გვექნა, მაშინვე სიხარულით დავთანხმდით. თან არდას პატარა ნატალია ნანახი არ ჰყავდა და ვეღარ ითმენდა. როცა ბავშვი ხელში დაიჭირა, ქენანს მოწონების ნიშნად ცერა თითი უჩვენა.
- ყოჩაღ შენ! რა ბავშვია, ბიჭო!
- აბა, მე ქენან ილდიზი არ ვიყო, თუ კიდევ ერთი ეგეთი არ გავაკეთო, - მედიდურად თქვა ქენანმა და თან თავის ცოლს გადახედა.
- ოჰო, შენ მართლა აღარ ხუმრობ, ძმაო, - გადაიხარხარა არდამ, - შენ ხომ არ აჩენ, შენი რა მიდის.
- არდა, ბოდიში, შენთან პრობლემა არასოდეს არ მქონია, მაგრამ ახლა რომ გადაგატეხავ ამ ხის კოვზს თავზე, მერე გაჩვენებ, ჩემი რაც მიდის, - დაემუქრა ელენე და დემონსტრაციულად ხელში კოვზი აღმართა.
- კარგი რა, რძალო! მე ხომ ვიხუმრე, - არდამ ხელები გადაიჯვარედინა და პატარა ბავშვივით გაიბუტა.
- ჩუ! - მივმართე ხალხს, - ტელეფონზე ვიღაც რეკავს.
ვიღაც მართლაც რეკავდა, მაგრამ ვერ დავინახე, ვინ იყო, რადგან ამ ადამიანმა ჩვენთან დაკავშირება სახლის ტელეფონით გადაწყვიტა.
- გისმენთ? - მივუგე მოსაუბრეს, თუმცა იგი ხმას არ იღებდა, - ჩემი გესმით? - გავუმეორე კიდევ ერთხელ.
ტელეფონში ჟღრიალის ხმა ისმოდა. თითქოს ქარი უბერავდა და ეს ქარი მოსაუბრე ადამიანების ხმას აქეთ-იქით ექოებად ფანტავდა.
- ჰო, ჰო, მესმის, - ახლაღა გავარჩიე ტელეფონში სანდროს ხმა, - აქ ცოტა კარგად არ ისმის ხმა, საჰარაში ვართ.
- გამარჯობა, სანდრო. საჰარაში რაღა გინდათ? როგორ ხართ?
- რა ვიცი, კარგად ვართ. რაც შეეხება საჰარას, მე და ლარამ მოგზაურობა გადავწყვიტეთ და ამჯერად უდაბნოში მოგვიწია გაჩერება, - როცა ამას ამბობდა, ბიჭის ხმა ენთუზიაზმითა და ბედნიერებით გაჟღენთილი მომეჩვენა.
- რატომ რეკავ, სანდრო? - გამიჩნდა სრულიად ლოგიკური კითხვა.
სანდრომ ამოიოხრა: - არ ვიცი, ეს როგორ გითხრა, მაგრამ კართან მიდი და გააღე.
მისი სიტყვები უცნაურად მომეჩვენა. მეგონა, რომ მეხუმრებოდა და წამით ისიც კი დავაპირე, ადგილიდან ფეხი არ მომეცვალა, თუმცა შემდეგ მივხვდი, თუ რა გაჯიუტება გამოვიდოდა. კართან ნელი ნაბიჯით მივედი, გამოვაღე და რას ვხედავ: ჩემ წინ სანდრო და ლარა დგანან. ბიჭი სიცილს ძლივს იკავებდა, ლარა კი გაოცებული გვიყურებდა.
- ესეც ასე! - შესძახა სანდრომ, - სიძე ჩამომივიდა და როგორ არ უნდა მენახა? ჩემი ნატალიაც მომენატრა!
- მე კი ჩემი ძმა! - ლარა არდასთან მივიდა და გულში ჩაეკრა. არდას სრული ბედნიერებისათვის დაცღა აკლდა და აი, ისიც თან, თავის გვერდით ჰყავდა.
მიხაროდა, როდესაც ერთად შეკრულ, ბედნიერ ოჯახს ვხედავდი. იმის გაფიქრება, რომ ერთ დღეს ჩემი საყვარელი ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით გაქრებოდნენ ჩემი ცხოვრებიდან, უნებურად ცრემლებს მგვრიდა და მიძლიერებდა იმის სურვილს, ჩემი ოჯახი სიცოცხლის ფასად დამეცვა. რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე დიდი მოთმინების ფასად საკუთარი წრე, სახლი მექნებოდა. თუ რომელიმეს რაიმე დაუშავდებოდა, გული ვერ გადაიტანდა, რადგან რომელიმეს გარეშე სახლს ისეთი ხიბლი აღარ ექნებოდა.
მომწონდა ელენეს ბუზღუნი, როცა რამეს ვინმე არასწორად აკეთებდა; მაცინებდა ქენანის გადაკრული იუმორი; მსიამოვნებდა ლარას ყურადღება; მესმოდა სანდროს გატაცება მოგზაურობით; მიყვარდა არდას ბავშვური ღიმილი; ვგიჟდებოდი ნატალიას სურნელზე. მოკლედ, ამ სახლთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებდა, რომელთა გაქრობაც არ მინდოდა.
2 კვირის შემდეგ
არდა და ქენანი ნაკრებში სათამაშოდ გამოიძახეს, ამიტომ ჩვენ ოთხს კიდევ ერთხელ მოგვიწია თურქეთში მათ თამაშებზე დასასწრებად წასვლა.
სტადიონი გადაჭედილი იყო, როგორც თურქი გულშემატკივრებით, ისე შვედებით. თამაშის დაწყებამდე ბიჭები მოედანზე ხურდებოდნენ. თვალებით არდას და ქენანს ვეძებდით და მალე შევნიშნეთ კიდევაც. ორივე ჩვენით დანახვით გახარებული და მოტივირებული იყო. როგორც ამბობდნენ, დღეს მატჩის მოგების დიდი შანსი ჰქონდათ.
კომენტატორმა თამაში გახსნილად გამოაცხადა. ბურთი თავდაპირველად შვედეთის ნაკრებმა გაათამაშა ერთმანეთში, მაგრამ თურქები სწრაფად დაიძრნენ წინ და ბურთის ხელში ჩაგდება მოახერხეს. პასი არდას მიუვიდა. ბიჭმა ოსტატურად მოიგერია სამი ფეხბურთელი, ბურთი წინ გაიგდო, დაეუფლა და ზუსტად ოცდამეთხუთმეტე წუთზე დაიძრა მეტოქის საჯარიმოს მიმართულებით.
თურქეთის საჯარომოში ჩასული შვედი მცველები კისრისტეხით ბრუნდებოდნენ უკან, რომ როგორმე კარის დაცვა მოეხერხებინათ, მაგრამ არდამ დრო იხელთა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჭკუაში აჯობა და საჯარიმოში ჩამოსულ ერთ-ერთ თანაგუნდელს ბურთი გადაუგდო. როცა სიტუაცია გართულდა, ფეხვურთელმა პასი კვლავ არდას მისცა, რომელიც არ დაიბნა და ძლიერი გასროლით კარში გოლის შეგდება მოახერხა.
აღნიშვნას რომ მორჩნენ, გაბრაზებული შვედი ბომბარდირი თურქეთის კარისკენ წავიდა. საჭირო ქენანის, როგორც მცველის ჩართვა გახდა. ის-ის იყო ცარიელი სივრციდან კარში ბურთი უნდა გაეშვა, რომ ილდიზი ფეხებში ჩაუვარდა და მისი გაგზავნა მოედნის ცენტრისკენ მოახერხა. მატჩი დაახლოებით ოთხმოცდათხუთმეტ წუთს გაგრძელდა და თურქების სასარგებლოდ, 2-1 დაარულდა.
როცა გამარჯვებას მთელი ნაკრები ზეიმობდა, არდა გიულერი სადღაც გაქრა. მოულოდნელად მოედანზე წითელი ვარდების თაიგულით მომავალი დავინახე. იგი ჩემკენ მოდიოდა. საბედნიეროდ, წინა რიგებში ვიჯექი, ამიტომ ჩემამდე მოსვლა არ გასჭირვებია. ყველასათვის გასაკვირად, არდა ჩემ წინაშე ცალ მუხლზე დადგა, თაიგული გამომიწოდა და სუნთქვას ამოაყოლა:
- ლანა, ცოლად გამომყვები?
მისმა კითხვამ მკაფიოდ გაიჟღერა ჩაუჩუმებულ მოედანზე. ხალხმა უცებ იფეთქა და გაისმა ტაში, ოვაციები, მილოცვის შეძახილები. ბიჭები სტადიონიდან ამხნევებდნენ თავიანთ თანაგუნდელს. თვით შვედეთის ნაკრების მოთამაშეებიც აღფრთოვანებისაგან ცქმუტავდნენ.
ბიჭმა ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ჩემი პასუხის მოსასმენად მოემზადა. აი, თურმე რას მილოცავდა, როცა აეროპორტში ასე მშრალზე დამტოვა. სიმართლე ვთქვა, ამ მომენტს არდასთან გადასვლის მერე ყოველდღე ველოდი და აი, ახლა საბოლოოდ დადგა.
ღრმად ჩავისუნთე, თვალები დავხუჭე და ბოლო ხმაზე დავიყვირე: - კი!
თანხმობის თქმა და ტრიბუნებიდან ოვაციების გაგონება ერთი იყო. შეიძლება ეს ადამიანები არ მიცნობდნენ, მაგრამ ჩემს სიხარულს მაინც ახლობლებივით იზიარებდნენ. მათი ყურება და მოსმენა თვალსა და ყურს სიამოვნებდა.
ჩემმა საქმრომ ჰაერში ამიტაცა და შუბლზე მაკოცა. ორივე სიხარულისაგან ცაში დავფრინავდით. ახლა არაფერი აღარ გვაინტერესებდა. თითქოს ამ უსაზღვრო აღმაფრენამ ჩვენს პატარა სამყაროში გამოგვკეტა. მომწონდა, რომ არდა ყველაფერს ითმენდა და იცოდა, ყველანაირი მოთმენა ამ მომენტად ღირდა. მე მთელ ცხოვრებას თავიდან ვიწყებდი, სადაც არ იქნებოდა არც უდროო სიკვდილი და არც უბედურება. დარწმუნებული ვარ, ჩემი განსვენებული მშობლები ამას რომ შესწრებოდნენ, ჩემით ძალიან იამაყებდნენ, რადგან ამდენ რამეს გავუძელი და მაინც ფეხზე მყარად ვიდექი.
აი, ესაა ჩემი ბედნიერი დასასრული, რომელიც მე და არდა გიულერმა, ერთმა უბრალო თურქმა ბიჭმა, ერთად შევქმენით. დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ და საშუალება მომეცით, ჩემი ცხოვრების ავ-კარგი თქვენთვის გამეზიარებინა. ჰოდა, ახლა ამაყად შემიძლია ვთქვა:
ამ ისტორიას ნამდვილად ბედნიერი დასასრული აქვს ⭐️
•••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
აბა, ჩემო მეგობრებო, როგორ მოგეწონათ დასასრული? ვეცადე, წერის პროცესში ყველა თქვენგანის მცირე იდეაც კი გამეთვალისწინებინა და ამრიგად უფრო სასიამოვნო გამეხადა კითხვის პროცესი. 💕💓 ყველა ჩემს ერთგულ მკითხველს, რომლებიც თავიდან მხოლოდ სამნი იყვნენ, დღეს კი ვეღარც ვთვლი მათ რაოდენობას, მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ 💓🎀 მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და მოტივაციის მოცემისათვის. ხშირად მიძნელდებოდა, რომ რაიმე დამეწერა, მაგრამ გადავხედავდი კომენტარებს და ვფიქრობდი, "აი, მარიამ, ნახე როგორ მოსწონთ შენი ნაშრომი. ნუთუ ასე შეგიძლია შენი ერთგული მკითხველის მიტოვება?!" ჰოდა, მეც ვდგებოდი და ვწერდი ყველაფერს, რაც კი თავში მომივიდოდა, რომ თქვენი გულები ოდნავ მაინც გამეხალისებინა. სიმართლე გითხრათ, ამ ისტორიისათვის ბედნიერი დასასრული არასოდეს არ მიფიქრია დამეწერა, მაგრამ როცა ერთ-ერთი თქვენგანის კომენტარი წავიკითხე, გეგმა უცებ შევცვალე ⭐️💕
ძალიან, ძალიან მიყვარხართ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით 🥹🌟
You are reading the story above: TeenFic.Net